ძალიან კარგი საუბარი მქონდა საქართველოს მეგობართან – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროკავშირისადმი საქართველოს ერთგულება ამ გზაზე გადადგმულ ყოველ ნაბიჯში დასტურდება.
„მე მას კვლავ დავუდასტურე, რომ ჩვენი ევროპული გზის ერთგულნი ვრჩებით, რაც ქართველი ერის უძველესი არჩევანია. ევროკავშირისადმი საქართველოს ერთგულება ამ გზაზე გადადგმულ ყოველ ნაბიჯში დასტურდება – იქნება ეს კომპლექსური რეფორმები, ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობა, თუ ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა“, – აცხადებს პრემიერი.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.
„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შევსებული კითხვარი, ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და განხორციელებული რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი თემები. შეხვედრაზე, რომელიც ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა, ირაკლი ღარიბაშვილმა და მაროშ შევჩოვიჩმა განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები და აღნიშნეს ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ამ პროცესში, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიაღწია.
პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების 45% და ეს პროცესი გრძელდება. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია და ამ გზაზე ქვეყანა კომპლექსური რეფორმების განხორციელებას განაგრძობს. შეხვედრისას, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და მის გავლენას ფართო რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე.
პრემიერმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მთავრობის ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე წაიკითხეთ: