უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები ერთმანეთს გადასცეს, იუწყება Hromadske უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.
- ვოლოდიმირ ზელენსკი: სიტუაცია ძალიან რთულია, უკრაინა ყოველდღიურად 60-100 ჯარისკაცს კარგავს
- რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა
„განსაკუთრებულ ვითარებაში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა კომისრის მონაწილეობით მოლაპარაკების შედეგად მიღწეულია შეთანხმება ცხედრების გაცვლაზე 160 160 ფორმულით“, - ნათქვამია რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადებაში.
გაცვლა 2 ივნისს ფრონტის ხაზზე, ზაპოროჟიეს რეგიონში შედგა. ოპერაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს, SBU-ს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და სხვა სამართალდამცავი უწყებების მონაწილეობით განხორციელდა.
ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროს განცხადების თანახმად, ეს პირველი შემთხვევაა, როცა დაღუპულთა ცხედრების გაცვლა ოფიციალურად გამოცხადდა. მანამდე, როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად იყვნენ გარდაცვლილი სამხედროების ცხედრების გადასატანად, მაგრამ გაცვლაზე ვერ შეთანხმდნენ.
ცხედრების გაცვლაზე რუსულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
რუსეთი და უკრაინა რეგულარულად არ აქვეყნებენ ინფორმაციას მათი შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1-ელ ივნისს ამერიკულ გამოცემა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ყოველდღიურად კარგავს 60-100 ჯარისკაცს. BBC-ის რუსული სამსახური 30 მაისს იტყობინებოდა, რომ ღია წყაროების მონაცემებით, შესაძლებელი გახდა უკრაინაში დაღუპული სულ მცირე 3052 რუსი ჯარისკაცისა და ოფიცრის სახელის დადგენა.