იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
სერჯო მატარელას თქმით, საქართველოს და იტალიას ორმხრივი ურთიერთობის საუკეთესო ისტორია აქვთ. ეს ურთიერთობა ისტორიულ მეგობრობას ემყარება და ის ყოველთვის ვითარდება. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი კი ამის დადასტურებაა. იტალიის პრეზიდენტის განცხადებით, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წელი გავიდა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
სერჯო მატარელამ განაცხადა, რომ თბილისსა და რომს საერთო პოზიცია აქვთ, როდესაც საქმე ეხება ომის დაგმობას და ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარებას.
„პირველად ჩვენ საქართველო ვაღიარეთ 1921 წელს და მეორედ 1992 წელს და გასულმა 30 წელმა გააღრმავა ჩვენს შორის ურთიერთობა. თბილისსა და რომს საერთაშორისო პოლიტიკის საერთო პოზიცია აქვთ, ისინი იზიარებენ იმ ფუნდამენტს, რაც გულისხმობს ომის დაგმობას, მშვიდობიან თანაარსებობას და ქვეყნის სუვერენიტეტისა და პოლიტიკური საზღვრების ინტეგრაციის აღიარებას. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. უკრაინაში რუსეთის აგრესიას უდიდესი გამოძახილი აქვს რეგიონში, რამაც კიდევ ერთხელ დააჩქარა საქართველოს და ევროპას შორის პარტნიორობა და საერთო ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს, ის ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ლოგიკურია, რომ მას სურს, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ამ მისწრაფებას“, - აღნიშნა იტალიის პრეზიდენტმა.
სერჯო მატარელას თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი ყველას ეხება, რადგან არსებული გამოწვევები ევროპის თანამეგობრობის პრობლემაც გახლავთ.
„შავი ზღვის უსაფრთხოება ეხება პირველ რიგში საქართველოს, მაგრამ ეს გვეხება ყველას. ეს ევროპის თანამეგობრობის პრობლემაც გახლავთ. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. იტალიას და საქართველოს აერთიანებთ მრავალმხრივი ურთიერთობა - ეკონომიკური, კულტურული, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია კულტურის თვალსაზრისით, შეხვედრაზე ხაზი გავუსვით რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას და ამ ურთიერთობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ურთიერთობების გაღრმავებას უნივერსიტეტებს შორის. ასევე, მნიშნელოვანია არქეოლოგიური მისიების საქმიანობა“, - აღნიშნა იტალიის პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი 25 წლის შემდეგ, იტალიას პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.