გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურების დაანგარიშებაზე მუშაობა გაგრძელდება - ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს და პროფკავშირების წარმომადგენლებს შეხვდა. სამმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს ის მოთხოვნები, რაც დასაქმებულებს აქვთ და სამინისტროს წარმომადგენლებისგან ალტერნატიული შეთავაზებები მოისმინეს.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით სახელფასო ანაზღაურების დაანგარიშებაზე მუშაობა გაგრძელდება.

„სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლების მოთხოვნებთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება. შეხვედრას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

7 ივნისს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობიდან ჯანდაცვის სამინისტროს შენობამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეები ხელფასის 100%-იან ზრდასთან ერთად ზეგანაკვეთური და მავნე სამუშაოს შესრულებისთვის დამატებით ანაზღაურებას ითხოვენ.