RS: აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა ბაზაში 1200 ადამიანი დარეგისტრირდა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 1-ელი მარტიდან დღემდე, ნებაყოფლობით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში სულ 1 200 ფიზიკური პირი დარეგისტრირდა, აქედან ნებაყოფლობით სიაში 1,105 ადამიანი შევიდა, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე კი 14 პირი.

მათ გარდა, აზარტული თამაშები აეკრძალა 1,449,124 ადამიანს, რომლებიც 18-დან 25 წლამდე პირებს, ასევე საჯარო მოხელეებს წარმოადგენენ.


ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 449 124  პირის შესახებ ინფორმაცია. 

შეგახსენებთ, 2022 წლის პირველი მარტიდან თამაშების ორგანიზატორი ვალდებულია:

• არ დაუშვას მოთამაშის მიერ სხვა მოთამაშის სათამაშო ანგარიშებზე თანხის გადარიცხვა, ან გადატანა;

• აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, სათამაშოდ არ დაუშვას 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირები;

• აზარტული და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, მოთამაშის ვერიფიკაციის დღიდან ყოველწლიურად მოახდინოს პირის ხელახალი ვერიფიკაცია;

• თამაშობის მოწყობის ადგილზე შესულ პირთა შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.