არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილია დემოკრატიის შუქურა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„სიმართლე საქართველოს მხარესა, არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა. ეს ადამიანები კანონმდებლობის სრული დაცვით მიცემული არიან პასუხისგებაში. მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია აბსოლუტურად აცილებულია რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაშია.
წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს როგორც ევროკავშირის, ასევე ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო შეფასებები, სადაც საუბარი იყო წლების განმავლობაში, რომ საქართველო ასრულებს იმ მოთხოვნებს და აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც მის წინაშე იყო დასმული ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენ გავაძლიერეთ დემოკრატიული ინსტიტუტები, დაცული გვაქვს ადამიანის უფლებები დიამეტრალურად უკეთ, ვიდრე ეს იყო წარსულში, ასევე ბიზნესის დაცული გვაქვს, მედია არის პლურალისტური“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
8 ივნისს, საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხებზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. რეზოლუციაზე - „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა საქართველოში“ დებატებისას ევროდეპუტატებმა მიუთითეს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის განუყოფელი ნაწილია. მაგალითად, ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირი, როგორც ფუნდამენტური თავისუფლების დამცველი იცავს და დაიცავს მედიის თავისუფლებას საქართველოში, მაშინაც კი თუ ამისთვის ხელისუფლებაში მყოფი პირების ღიად გაკრიტიკებაა საჭირო.
ევროპარლამენტარმა ასევე მიუთითა ცვლილების საჭიროებაზე სახელმწიფო პოლიტიკასა და დამოკიდებულებაში, თუმცა მიუღებელი ქმედება უწოდა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გაჩუმებას, ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის შეზღუდვას, მათ მიმართ ღია მუქარას და სამართლებრივ დევნას, რაც მისი თქმით, საქართველოს ამ ამბიციებისგან აშორებს.
უფრო ვრცლად ევროდეპუტატების კრიტიკულ შეფასებებზე, იხილეთ ბმული.