უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთთან უბაჟო ვაჭრობის ამოქმედების შესახებ გამოაცხადა. ეს რეჟიმი მალე ამოქმედდება, მოსალოდნელია ავსტრალიასთან ვაჭრობის ლიბერალიზაცია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მინისტრთა კონფერენციაზე 57 ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა უკრაინისადმი სოლიდარობის სპეციალურ ღონისძიებაზე.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ხელი შევუწყოთ უკრაინული საქონლის წვდომას მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ბაზარზე. ევროკავშირთან ვაჭრობის საბაჟო გადასახადები უკვე გაუქმებულია. შეერთებული შტატები უკვე იყენებს „უბაჟო რეჟიმს“ უკრაინული ფოლადისთვის. კანადამ გააუქმა საბაჟო გადასახადები. იგივე რეჟიმი იმუშავებს უახლოეს მომავალში ბრიტანეთთანაც. ჩვენ ველით ვაჭრობის ლიბერალიზაციას ავსტრალიისგან“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ 12 ივნისს, საღამოს გამოსვლაში.
როგორც ცნობილია, 4 ივნისს, ევროკავშირმა ოფიციალურად შეაჩერა ევროკავშირის ყველა იმპორტის გადასახადი და ტარიფი უკრაინულ ექსპორტზე, რათა დაეხმაროს უკრაინული ბიზნესის აღდგენას, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალდა. ეს მოიცავს სამრეწველო საქონელზე იმპორტის გადასახადის სრულ შეჩერებას, ხილისა და ბოსტნეულის შესვლის ფასების სისტემას, ასევე, ანტიდემპინგურ გადასახადებს და იმპორტის გარანტიებს ერთი წლის ვადით.
კვირას, შვეიცარიაში, ჟენევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) მე-12 მინისტერიალი დაიწყო. WTO-ს 50-ზე მეტმა წევრმა გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინას და დაჰპირდა დახმარებას და მხარდაჭერას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის კულტივაციასა და ექსპორტში, ისევე როგორც ომის შემდეგ ქვეყნის რეკონსტრუქციაში.