საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლების მიერ გადადგმული რიგი ნაბიჯები გააკრიტიკა. საგანგებო ბრიფინგზე ზურაბიშვილმა რამდენიმე ასეთი მაგალითი მოიყვანა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „აჩქარებული ნაბიჯით კანდიდატურის მიღების შანსი არა ჩვენი, არამედ, თავისუფლებისთვის უკრაინის და უკრაინელების თავგანწირვის შედეგია“.
„აჩქარებული ნაბიჯით კანდიდატურის მიღების შანსი ჩვენი დამსახურება არ არის. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის და უკრაინელების თავგანწირვისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის შედეგი. 3 მარტს კანდიდატურის განცხადებაზე ხელის მოწერა მხოლოდ ამის შედეგია და ამისთვის მადლიერების გამოხატვა გვევალება. კანდიდატურის საკითხში უკან დახევა კი ჩვენი ხელისუფლების და ნაწილობრივ ასევე ოპოზიციის ქმედებების, პოლიტიკური ნაბიჯების ან არგადადგმული ნაბიჯების შედეგია.
შეიძლება, ჩამოვთვალო მთელი რიგი ნაბიჯების, რომელიც გადაიდგა ხელისუფლების მიერ იმ დღიდან, როდესაც ჩვენ ვიკრიბებოდით ბათუმში და დეკლარაციას ვიღებდით, აქეთ ზელენსკი, მაია სანდუ და შარლ მიშელი და ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი ნაბიჯი ტრიოს ფორმატში. ამის შემდეგ დაიწყო და აღარ გაჩერებულა სხვადასხვა გადაწყვეტილება. პირველ რიგში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება - კაცი ჩამოვიდა 18-19 ივლისს და 28 ივლისს გამოვაცხადეთ ანულირება.
შემდეგ, 5 ივლისის საქმეზე არაქმედითი გადაწყვეტილებების მიღება. ევროკავშირის 75-მილიონიან სესხზე ისე უარის თქმა, თითქოს, ეს არ გვჭირდება. უარის თქმა გენპროკურორის არჩევის ახალ წესზე, რომელიც ასევე უკავშირდებოდა შარლ მიშელის დოკუმენტს. სექტემბერში გავრცელებული მიყურადების ფირები, ნოემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა, ნოემბერში ცესკოს თავმჯდომარეს არჩევის და მანდატის გაგრძელების წესის შეცვლა, უზენაეს სასამართლოში აჩქარების წესით 4 მოსამართლის დანიშვნა დეკემბერში, როცა გვთხოვდნენ ამის დროებით შეჩერებას, მერე დეკემბერში კიდევ სასწაული - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება გაუფრთხილებლად და ესეც აჩქარებული ტემპით.
თუნდაც ისიც შეიძლება, ვახსენოთ - გვარამიას უდროო და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დაკავება, როცა ვიცოდით, რომ ეს საკითხები დადგებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. კი მითხრეს, სასამართლოს დროულობა არ ახასიათებსო, მაგრამ პოლიტიკას - კი, თუ გვინდა შედეგიანი პოლიტიკა, ყველაფერზე დროულად უნდა ვიფიქროთ.
ასევე, აჩქარებული წესით მიყურადების კანონში ცვლილებების შეტანა - ეს ყველაფერი გარედან როგორ იკითხება. იკითხება ისე, რომ ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია ისე, რომ დიდად არ ვანიჭებთ არანაირ მნიშვნელობას ევროკავშირის რეაქციებს, არ ვაჩვენებთ ჩვენს პოლიტიკურ ნებას, რომ ამ მიმართულებით ვიაროთ და შეიძლება, სხვა რამე გვაინტერესებდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.