პრეზიდენტი: ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე არ არსებობს და არც არავინ ითხოვს ამას საქართველოსგან. ამის დასტურად პრეზიდენტმა უცხოეთში მისი ვიზიტები და გამართული შეხვედრები მოიყვანა, სადაც მისი თქმით, მსგავსი რამ არავის მოუთხოვია.

„მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება არ არსებობს, არის მოგონილი და ტყუილი. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ერთადერთი საიდანაც ეს გაისმა, მოდის უკრაინის ხელისუფლების გარკვეული წრეებიდან, სადაც არსებობს გარკვეული კავშირები. მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ომში მყოფ უკრაინას შეიძლება გაუჩნდეს მოთხოვნა, რომ სხვა ადგილას გაიხსნას სხვა ფრონტი, ამის ძახილი შეიძლება იყოს. ამაზე არც უნდა ვუპასუხოთ და არც პოლემიკაში შევიდეთ, მე გავაკეთე განცხადება, რომ ჩვენთვის მეორე ფრონტი არ არსებობს.

რამეთუ ჩვენ არ ვაპირებთ მივუბრუნდეთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ვცადოთ ომით გადავწყვიტოთ ის, რაც გვინდა შერიგებით ან გაერთიანებით გადავწყვიტოთ მომავალში. არ არის ჩვენთვის ეს სცენარი შესაძლებელი. მოსახლეობას ვუთხრათ რომ შენი არჩევანია: ან მოგივიდეს ის, რაც უკრაინაში ხდება, ან ამ ხელისუფლებას შეეგუო და არაფერი არ მოთხოვო, ეს არის ფორმა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს, არ არსებობს მეორე ფრონტის რისკი და საფრთხე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევებიც შეაფასა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მსგავსი კვლევები გამიზნულია იმისკენ, რომ „ხალხი ხელისუფლების შეცდომების შეფასებიდან გადაერთოს და საკუთარ უსაფრთხოებაზე იფიქროს“.

„გორბის კითხვები ამ კუთხით აბსურდულია, ნებისმიერ შეკითხვაში ასე რომ იყოს დასმული კითხვა ყველა უპასუხებს - არ მინდა ომი, ვის უნდა? უკრაინელებს უნდოდათ? ეს არის გამიზნული იმისკენ, რომ ხალხი ხელისუფლების შეცდომების შეფასებიდან გადაერთოს და საკუთარ უსაფრთხოებაზე იფიქროს, რაც სრულიად ადამიანურია“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.