ევროკავშირს ისრაელსა და ეგვიპტეს შორის ევროპისთვის თხევადი გაზის მიწოდებაზე ხელშეკრულება გაფორმდა.
გაზს ისრაელში მოიპოვებენ, ეგვიპტეს კი მისი გათხევადებისა და ექსპორტისთვის აუცილებელი სიმძლავრეები აქვს. თავის მხრივ, ევროკავშირი ისრაელსა და ეგვიპტეს დაეხმარება, გაზარდონ ბუნებრივი აირის მოპოვება და თავიანთ ტერიტორიულ წყლებში გაზის ახალი საბადოების სადაზვერვო სამუშაოები აწარმოონ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაზის იმპორტის ახალი შეთანხმებები ხელს შეუწყობს რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების დაძლევას.
უკანასკნელი მონაცემებით, რუსეთის გაზი ევროკავშირის მიერ იმპორტირებული მთელი გაზის 40%-ს შეადგენს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოითხოვს გაზის იმპორტის ახალი წყაროების მოძიებას.
ცნობისათვის, ხმელთაშუა ზღვაში, ისრაელის ტერიტორიულ წყლებში, გაზის ორი მოქმედი საბადოა, რომელთა სიმძლავრე, ექსპერტების შეფასებით, 690 მილიარდი კუბური მეტრია. კიდევ ერთი საბადო ათვისების პროცესშია. შეთანხმების პირობებით, ისრაელის გაზი ჩავა ეგვიპტეში, გასათხევადებელ ტერმინალამდე, საიდანაც გათხევადებულ აირს ტანკერებით ევროპაში გადაიტანენ.