საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას პირველად დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ე.წ. „რამშტეინი 3“-ის შეხვედრას პირველად დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს, რომელიც ამ ეტაპზე 50-მდე თანამოაზრე სახელმწიფოს აერთიანებს, საქართველო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიწვევის საფუძველზე შეუერთდა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები განიხილეს. საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და არაპროვოცირებულ აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მესამედ ჩატარდა.


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ესწრება და მინისტერიალის ფარგლებში უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს მართავს.


ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. „რამშტეინი 3“) შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე, 23 მაისს, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე (გერმანია) უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფის მეორე შეხვედრა 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების დონეზე გაიმართა. უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევის ასეთი ინსტრუმენტი შეერთებული შტატების ინიციატივით შეიქმნა.