ემანუელ მაკრონი: ევროკავშირის გაფართოება მისი მეზობლების სტაბილურობისთვის, არ შეიძლება, იყოს ერთადერთი გამოსავალი

ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება, იყოს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს სტაბილურობისთვის ერთადერთი პასუხი, ჩვენ ევროპა უფრო ქმედითი უნდა გავხადოთ, – ამის შესახებ მოლდოვაში ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია უფრო ფართო ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შექმნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში თანამშრომლობისთვის, როგორიცაა, თავდაცვა და უსაფრთხოება, რაც გაწევრიანებას არ ჩაანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ 23-24 ივნისს დაგეგმილი სამიტი, სადაც „ტრიოსთვის“ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, იქნება ბოლო სამიტი, სადაც საფრანგეთი როტაციული პრინციპით თავმჯდომარის სტატუსით იქნება წარდგენილი.

„საკითხი დაყენებულია. ევროკომისია განიხილავს მას და საბჭოს წევრები გადაწყვეტენ. მე არ მინდა, წინასწარ ვიმსჯელო ამ გადაწყვეტილებაზე აქ, რადგან ჩემი, როგორც ევროპული საბჭოს როტაციული თავმჯდომარის როლი, არის კონსენსუსის შექმნა. თუმცა, ჩემი სურვილია, რომ ჩვენ შევძლოთ პოზიტიური და მკაფიო გზავნილის გაგზავნა ამ მოთხოვნის შესახებ“, – განაცხადა მაკრონმა.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.