საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის კარენ დონფრიდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერისა და ქვეყანა ამას განსაკუთრებულად აფასებს.
მისივე თქმით, საქართველო არის და რჩება აშშ-ის ყველაზე საიმედო და ერთგულ მოკავშირედ როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ყურადღება დაეთმო საქართველო – აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის, საქართველო – აშშ-ის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების, აგრეთვე თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებებით.
პრემიერთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-ის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ნება, რომ მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ურყევია. ამასთან, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის მხრიდან – საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი, ხოლო საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.