ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი

ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენი მოტივაციაა, რომ გავხდეთ NATO-ს წევრი. ეს დამოკიდებულია ჩვენს სტრატეგიულ მზაობასა და მოთმინებაზე. ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ ჩვენს სურვილზე არაა ნატო-ში გაწევრიანება, კონსენსუსი უნდა შედგეს ყველა წევრ სახელმწიფოს, ალიანსის ყველა მონაწილე ქვეყანას შორის, რომ საქართველოს მიენიჭოს ნატო-ში წევრობის სტატუსი. ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და NATO-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება.

რაც შეეხება კითხვას, რას ვფიქრობ პუტინზე, 2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. 90-იან წლებში, როცა საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ჩვენს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ გვქონდა აგრესიასთან შეხება. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში - ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე",- განაცხადა ღარიბაშვილმა, რომლის თარგმანსაც "იმედი" ავრცელებს.


ასევე წაიკითხეთ:

ირაკლი ღარიბაშვილი: პუტინთან კონტაქტი არ გვქონია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით