პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერებს ვიდეოგზავნილებით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერებს ვიდეოგზავნილებით მიმართა და საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. შესაბამისი ვიდეომასალა პრეზიდენტის Twitter- გვერდზე განთავსდა.

სალომე ზურაბიშვილი პოლონელი კოლეგისადმი გზავნილში ამბობს, რომ საქართველო და პოლონეთი საერთო ტრაგიკულ წარსულს იზიარებენ.

საქართველო და პოლონეთი იზიარებენ ევროპული ოჯახიდან მოწყვეტის ოკუპაციურ წარსულს. ამ დროს ჩვენ თქვენი მხარდაჭერის, სოლიდარობის, პოლონეთის ძმობის იმედი გვაქვს, რათა მხარი დაუჭიროთ ჩვენს გზას ევროპისკენ“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. 

„გერმანიამ თავისი ისტორიიდან იცის, რომ კედლები ევროპელებს ერთმანეთისგან არ უნდა ჰყოფდეთ. როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პარტნიორი და მეგობარი, დღეს ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში დაეხმარებით საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე“, - ამბობს პრეზიდენტი თავის მხრივ, გერმანელი კოლეგისადმი გზავნილში.

„ჩემი მხრიდან ყველაფერს ვცდილობ, ეს დღეები გამოვიყენოთ ჩვენი ინტერესების წინ წასაწევად. ამდენად, ყველა ჩემს კოლეგასთან ვაგზავნი წერილებს, რათა ჩვენი ინტერესები დავიცვა და ევროპული საბჭოს გადამწყვეტ სხდომამდე ჩვენი ბოლო არგუმენტები წარვადგინო, ასევე, ჩვენ ჩავწერეთ უკვე და გავუშვებთ Twitter-ზე ჩემს მიმართვებს ასევე ჩვენს კოლეგებთან, რომ ამ ფორმითაც მივმართო მათ.

„საქართველო მოწყვეტილი იყო ევროპას საბჭოთა ოკუპაციის 70 ხანგრძლივი წლის განმავლობაში. ამის მიუხედავად, მას არასდროს შეუწყვიტავს ამ გზის ძიება, დემოკრატიისა და ევროპის გზაზე წინსვლა, - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს.

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ, საქართველო მიისწრაფის იმ რეფორმების შესრულებისკენ, რომლებიც ნამდვილად ევროპულ ქვეყანად გვაქცევს. მისაღები გადაწყვეტილება იქნება ცენტრალური და ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის“, – მიმართავს ზურაბიშვილი ნიდერლანდების პრემიერ მარკ რუტეს.

შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონისადმი მიმართვაში ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ „საქართველო შვედეთის მიმართ უკვე მადლიერია აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით ევროპული პერსპექტივის გზის გახსნისთვის.

„ქართველ ხალხს სურს ეს ევროპული მომავალი. ამ ოჯახის რეინტეგრაციის დრო მოვიდა“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

ყველა უნდა იყოს გაფრთხილებული, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს კვირა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ვნახეთ ევროპული კომისიის რეკომენდაცია, რომელიც ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, მოგვანიჭოს ევროპული პერსპექტივა, რაც ძალიან დიდი რამ არის და ალბათ, ამაზე არც ვიოცნებებდით ცოტა ხნის წინ. ჯერჯერობით, კანდიდატის სტატუსს არ გვანიჭებენ, მაგრამ გვაძლევენ ამის იმედს, თუკი ჩვენ იმ რეფორმებს და ნაბიჯებს გადავდგამთ, რაც ჩვენ გვევალება. მინდა, ყველას გთხოვოთ, რომ ამ დღეებში ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ ჩვენი თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეულმა ევროპულმა ქვეყანამ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისს.