გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გერმანიამ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ მოკავშირეების უსაფრთხოებაზეც აიღო პასუხისმგებლობა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche welle ავრცელებს.
„უსაფრთხოება არის ყველაზე ფუნდამენტური დაპირება, რომელიც სახელმწიფოს თავისი მოქალაქეებისთვის მართებს. გერმანიის შეიარაღებული ძალები ისე იქნება აღჭურვილი, რომ მას შეეძლება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეების ნებისმიერი თავდასხმისგან დაცვა", - განაცხადა შოლცმა.
ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინა იღებს ყველა იმ აუცილებელ იარაღს, რომლებიც მას ომის ამჟამინდელ ფაზაში სჭირდება. მისი თქმით, გერმანიის მთავრობა, NATO-ს სხვა წევრების მსგავსად, გამოაქვეყნებს იმ შეიარაღების სიას, რომლებიც ქვეყანამ უკრაინაში უკვე გააგზავნა. გარდა ამისა, შოლცმა აღნიშნა, რომ "პროგნოზირებად მომავალში პუტინის აგრესიულ და იმპერიალისტურ რუსეთთან პარტნიორობა წარმოუდგენელია" და გერმანია უკრაინის ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.