სალომე ზურაბიშვილი ევროპულ საბჭოს: შანსი რომელიც მოგვეცა, ასევე გამოწვევაა

შანსი რომელიც მოგვეცა, ასევე გამოწვევაა, - საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერმიღების შემდეგ ევროპულ საბჭოს უთხრა, რომ ქვეყანა მზადაა იმ დავალების შესასრულებლად, რომელიც კანდიდატი სტატუსის მისაღებად არის საჭირო.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა ქართველი ხალხის სახელით გადმოგცეთ, რომ რაც დღეს მოხდა... შესაძლოა, არის გარკვეული იმედგაცრუება, რომ ტრიოს სამეულში არ ვართ. მაგრამ, ვფიქრობ, ვაანალიზებთ იმას, რომ დღეს მოხდა ის, რასაც საქართველო მრავალი წელი ელოდა...

მე მესმის, საქართველოს მოსახლეობას ესმის, და ვფიქრობ ჩვენ ყველამ, მათ შორის მთავრობამ, უნდა გავიგოთ, რომ შანსი რომელიც მოგვეცა ასევე გამოწვევაა... პასუხისმგებლობაა ქართველი ხალხის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი შვილების წინაშე, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, გამოწვევას ძალიან სერიოზულად მივუდგებით და ამაზე ვიმუშავებთ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა უკრაინას და მოლდოვას, იმ ასოცირების ტრიოს წევრებს, რომლის ნაწილიც ასევეა საქართველო.

"უკრაინა უძღვებოდა ამ ბრძოლას და რომ არა აგრესიის წინაშე უკრაინელი ხალხის არაჩვეულებრივი ერთობა, ეს დიდი ისტორიული ნაბიჯი სავარაუდოდ არ გადაიდგმებოდა...

კიდევ ერთხელ გმადლობთ და მსურს ყველას მოგილოცოთ, რადგან დღეს თქვენ ისტორიულ ნაბიჯს დგამთ, რათა ევროპა თავის უფრო დიდ კონფიგურაციაში გაერთიანდეს, რომელშიც შავი ზღვა თავისი ხიდის ფუნქციებს უნდა დაუბრუნდეს, როგორც ეს ძველ დროს იყო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.


ასევე წაიკითხეთ: