ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რამდენიმე წევრის შეფასებით, „რამდენიმე დამოუკიდებელმა ექიმმა ციხეში სააკაშვილის გასინჯვის შემდეგ დაადასტურა მთელი რიგი დაავადებები და მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობა. ამის შესახებ დეკლარაციაშია ნათქვამი, რომელსაც PACE-ს წევრები აწერენ ხელს.
განცხადების ავტორები შეშფოთებულები არიან, რომ არ შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახალხო დამცველის რეკომენდაციები და მას სასწრაფოდ სჭირდება თანამედროვე კლინიკაში გადაყვანა.
„სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთებას იზიარებს უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა დასტაბილურდეს“, - აღნიშნულია ტექსტში.
„ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ქართული დემოკრატიის სტაბილურობასთან დაკავშირებული მდგომარეობით და გვეშინია საზოგადოებაში ისედაც ღრმა განხეთქილების შემდგომი გაღრმავების. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება პოლიტიკური შერიგების პროცესი. სააკაშვილის მძიმედ დაავადების ან გარდაცვალების შემთხვევაში ამ პროცესს საფრთხე დაემუქრება", - აღნიშნავენ განცხადების ავტორები.
მას ხელს აწერენ „ევროპის სახალხო პარტიის” ჯგუფის წარმომადგენელი, პოლონელი პოლიტიკოსი, ალექსანდრე პოციე, იტალიელი პოლიტიკოსი მარინა ბერლინგერი, „ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ წევრი, რუმინელი იულია ბულა, უკრაინელი პოლიტიკოსი ლესია ვასილენკა, „ევროპის კონსერვატორთა ჯგუფი და დემოკრატიული ალიანსი“ წევრი, ბრიტანელი იენ ლიდელი-გრეინჯერი და სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები.
მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა. საპატიმროში შიმშილობის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს. ოჯახი და მისი თანაგუნდელები ექსპრეზიდენტის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ, მთავრობა თვლის, რომ სააკაშვილისთვის სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა საქართველოშიც შესაძლებელია.