ევროკავშირის გაფართოება კვლავ დღის წესრიგშია, გასულ კვირას ევროპის საბჭომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - ჯოზებ ბორელი

ევროკავშირის გაფართოება კვლავ დღის წესრიგშია და ეს სამართლიანია. გასულ კვირას ევროპის საბჭომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საკუთარ ბლოგში წერს.

„რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ დააჩქარა ისტორია მრავალი თვალსაზრისით. მან ასევე გაამძაფრა დებატები ევროპის წესრიგსა და მის საფუძველში არსებულ პრინციპებზე. მრავალი ქვეყნისთვის, უკრაინიდან დაწყებული, ეს არის სტრატეგიული მომენტი, რათა გააკეთონ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საკუთარი მისწრაფებების შესახებ და მიიღონ აღიარება თავიანთი ამბიციებისთვის.

უკრაინის ლიდერები მკაფიოდ აცხადებენ, რომ რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად სამხედრო მხარდაჭერასთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მათი მთავარი პრიორიტეტი იყო. თქვენ ხედავთ მსგავს მსჯელობას მოლდოვის მთავრობის მხრიდან. და ბოლოს, ამას ხედავთ საქართველოს მთავრობის მოთხოვნაში და ათიათასობით ქართველ დემონსტრანტში, რომლებიც ამ კვირაში ევროკავშირის დროშებით გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში.

ამავდროულად, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა სრულიად სამართლიანად მოითხოვეს, რომ მათი გაწევრიანების პროცესი შეფასდეს მათი დამსახურებით. თითქმის 20 წლის წინ, ევროკავშირმა თესალონიკში განაცხადა, რომ „დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია ამიტომ, მათი მხრიდან გარკვეული მოუთმენლობა, რბილად რომ ვთქვათ, გასაგებია“, - აღნიშნავს ბორელი მისივე ბლოგში.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.