"კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ გულისწყვეტა და გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია, მაგრამ ახლა ეს არ არის მნიშვნელოვანი. ახლა მთავარია, რომ საქართველომ შეასრულოს პუნქტები, რომლებიც ევროკავშირის დოკუმენტშია გაწერილი", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
„ვიქნები ძალიან გულწრფელი და პირდაპირი, ბუნებრივია, საქართველოში იგრძნობა გარკვეული იმედგაცრუება და გულისწყვეტა, ამავე დროს უსამართლობის განცდაც, თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი. ახლა მნიშვნელოვანია და ჩვენი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, მთავრობის და მთელი ერის პასუხისმგებლობაა, რომ ვიყოთ კონსოლიდირებული, გვქონდეს სრული მობილიზება, რათა პირობები, რომლებიც ევროკომისიამ წარუდგინა საბჭოს და შემდეგ საქართველომ მიიღო, შევასრულოთ უმოკლეს ხანში. სრული მზადყოფნა, მობილიზებაა საქართველოს მთავრობის, მმართველი პარტიის მხრიდან, რათა საქართველომ უმოკლეს ხანში გაატაროს პოლიტიკური რეფორმები. ჩვენთვის უმოკლეს სტრატეგიულ-პრიორიტეტულ ამოცანად რჩება ევროპასთან შემდგომი ინტეგრაცია. რა თქმა უნდა, საქართველო ძალას არ დაიშურებს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.