"როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია თანაბრად უნდა იყოს დაინტერესებული დეპოლარიზაციით. პოლარიზაციის მიმართულებით დღეს სერიოზული სირთულეები არის", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„დეპოლარიზაცია არ არის მარტივი საკითხი, მითუმეტეს, რომ მხოლოდ ერთ მხარეზე არ არის დამოკიდებული ამ პუნქტის შესრულება. ეს საჭიროებს ორივე მხარის ჯანსაღ მიდგომას ამ საკითხის მიმართ. ამ ეტაპზე, ვხედავთ, რომ სერიოზული სირთულეები არის ამ კუთხით.
იმედი გვაქვს, რომ ეს სირთულეები დაიძლევა, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრეროგატივა. ორივე მხარე თანაბრად უნდა იყოს დაინტერსებული დეპოლარიზაციით იმისთვის, რომ ეს პუნქტი სრულფასოვნად შესრულდეს. ჩვენ ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებაში ნაკლები პოლარიზაცია იყოს, საზოგადოებაში არც არის პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, პოლიტიკურ სპექტრში უნდა იყოს ნაკლები პოლარიზაცია, ამისთვის ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა“,- განაცხადა კობახიძემ.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.