მიმდინარე აქციის გამო, ამაღლების ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, – აცხადებენ თბილისის მერიაში.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებები კოჯრის, წავკისისა და კიკეთის მიმართულებით ვერ გადაადგილდებიან. მძღოლებს აღნიშნული მიმართულებით, გადაადგილება შეუძლიათ ორთაჭალიდან, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზით.
დღეს, 2 ივლისს თბილისში ,„პრაიდ კვირეულის“ ბოლო ღონისძიება, ქვიარ მუსიკალური ფესტივალი იმართება. ღონისძიება დახურულია. ამის მიუხედავად, პარალელურად, „ალტ-ინფოსა" და „კონსერვატიული მოძრაობის" მოწოდებით, პარლამენტის შენობის წინ დაახლოებით 12:00 საათისთვის მოქალაქეების ჯგუფები შეიკრიბნენ. აქციაზე ისმოდა ჰომოფობიური და ანტიდასავლური განცხადებები. მათ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება გააპროტესტეს და ლგბტ დროშა დაწვეს. შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობასთან გადაინაცვლეს და NATO-სა და ევროკავშირის დროშები დაწვეს. მანამდე კი „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და ლგბტ დროშები დაყარეს.
ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მთაწმინდაზე 17 ადამიანი დააკავეს, რომლებიც "თბილისი პრაიდის" ორგანიზებული ფესტივალის გამართვას აპროტესტებდნენ და ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს ტერიტორიზე შესვლაში ხელს უშლიდნენ.
მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ უწყების თანამშრომლები „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.