რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ამ თვის ბოლოს კანადაში მოგზაურობის შემდეგ ეწვიოს უკრაინას და რუსეთს. ამის შესახებ რომის პაპმა Reuters-თან განაცხადა.
„ვისურვებდი უკრაინაში ჩასვლას და ვისურვებდი ჯერ მოსკოვში ჩასვლას. ჩვენ ამის შესახებ გზავნილები გავცვალეთ, რადგან ვფიქრობდი, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი მომცემდა პატარა ფანჯარას, იქ წავიდოდი, რათა მემსახურა მშვიდობის საქმისთვის. ახლა, როდესაც კანადიდან დავბრუნდები, შესაძლოა, შევძლო უკრაინაში გამგზავრება. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რუსეთში წასვლა, რათა ვცადო დახმარება, თუმცა ვისურვებდი ორივე დედაქალაქში ჩასვლას“, – განაცხადა რომის პაპმა.
რომის პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ ასეთი ვიზიტისთვის შესაფერისი მომენტი უნდა შეირჩეს. მოსკოვში ჯერ არცერთი პაპი არ ჩამოსულა. Vatican News-ის ცნობით, რომის პაპი ფრანცისკე კანადას 24-30 ივლისს ეწვევა.