კუნძული ზმეინი ოფიციალურად ისევ უკრაინის იურისდიქციის ქვეშაა. ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის სარდლობის სპიკერმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.
„უკრაინის დროშა დამონტაჟდა გველების კუნძულზე. სამხედრო ოპერაცია დასრულებულია და ამჟამად ტერიტორია უკრაინის იურისდიქციას დაუბრუნდა", - განაცხადა ჰუმენიუკმა.
„სადაც არ უნდა გავათავისუფლოთ ტერიტორია, პირველ რიგში ვამაგრებთ ჩვენს პოზიციებს, წარმატების გამოცხადებამდე. ხმელეთზე მტერს წარმატება არ აქვს, ამიტომ, ამ დროისთვის ისინი იყენებენ საჰაერო და სარაკეტო დარტყმის ტაქტიკას. დღეს, გამთენიისას, სარაკეტო დარტყმა კვლავ განხორციელდა ხერსონის ოლქის ჩრდილოეთით“, - აღნიშნა ნატალია ჰუმენიუკმა.
მისივე თქმით, დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, მაღალი ალბათობით, რუსეთის გარნიზონმა კუნძული ზმეინი დატოვა უკრაინის შეტევების გამო და არა „კეთილი ნების ნიშნად", როგორც ამას თავად ამტკიცებდა. მანამდე, უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა კუნძული ევაკუაციის შედეგად დატოვეს. უფრო ადრე, უკრაინამ რუსული გარნიზონის წინააღმდეგ არაერთი შეტევა განახორციელა.