მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა – ქარტია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, საქართველოში მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მხრივ საგანგაშო ვითარებაა და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ 2021 წლის 5 ივლისს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მედიის წარმომადგენლების დაცვა, ამასთან, სათანადოდ არ გამოუძიებია ეს საქმეები და არ მიუცია პასუხისგებაში ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საზოგადოებისთვის ცნობილია. 

„აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აგრძელებენ აგრესიული რიტორიკით საუბარს მედიის წარმომადგენლებთან და კვლავაც გამოუძიებელია მედიაზე თავდასხმის ათობით საქმე. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო მეტად ახალისებს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას.  ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელია მედიის თავისუფლება და უსაფრთხოება". – წერს ქარტია განცხადებაში.


2021 წლის 5 ივლისს, ჰომოფობიურ აქციაზე, დილის 11:00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ძალადობრივი ჯგუფის წევრები მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ფოტოგრაფებს - ყველას, ვინც მედიის წარმომადგენლად აღიქმებოდა. ამ დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტზე თბილისის ცენტრალურ უბნებში იძალადეს. მოძალადე ჯგუფები, თავს დაესხნენ „ტვ1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს ლექსო ლაშქარავას, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოთვლით, ამ დროს ქუჩაში 10 ათასამდე მოქალაქე იყო შეკრებული და მუშაობდა 3,4 ათასამდე პოლიციელი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ივლისს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000 - 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა „პრაიდის“ ოფისზე თავდამსხმაში ბრალდებულ სამ ადამიანს. სტრასბურგის სასამართლოს 5 ივლისთან დაკავშირებული კიდევ ერთი საქმე აქვს წარმოებაში მიღებული. ის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ეკუთვნის და მოსარჩელეები „სირცხვილიას" აქტივისტები არიან.