უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ბორის ჯონსონის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომა, ლონდონის პოლიტიკაზე რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით, უარყოფით გავლენას არ მოახდენს. ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკიმ, ჯონსონს „უკრაინის ნამდვილი მეგობარი“ უწოდა და გამოთქვა იმედი, რომ ბრიტანეთის პოლიტიკა, უკრაინასთან მიმართებით მისი გადადგომის შემდეგ, უახლოეს მომავალში არ შეიცვლება. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ ბევრი მიიღო ჯონსონთან ურთიერთობის შედეგად, პირველ რიგში კი, სამხედრო მხარდაჭერა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბორის ჯონსონთან, მისი გადადგომის შემდეგ, სატელეფონო საუბრის გამართვას გეგმავს.
ჯონსონმა გადადგომის სიტყვაშიც არ დაივიწყა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა. „ნება მომეცით, ახლავე ვუთხრა უკრაინელ ხალხს, რომ ვიცი, ჩვენ, დიდ ბრიტანეთში გავაგრძელებთ თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.