საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართული სასურსათო პროდუქციის მსხვილი ექსპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნიუ- იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში გამართულ შეხვედრაზე, ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშემწყობის ღონისძიებებზე იმსჯელეს. ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველოსთვის ბაზრების დივერსიფიკაცია ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამერიკის უმსხვილეს ბაზარზე ქართული ხარისხიანი პროდუქციის დამკვიდრებას განსაკუთრებით მნიშვნელობა ენიჭება.
უწყების ცნობით, მინისტრი მსხვილი ექსპორტიორების გეგმებით და გამოწვევებით დაინტერესდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მათ ამერიკაში საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ოთარ შამუგიას განცხადებით, სტრატეგიულ ბაზრებზე მარკეტინგულ ღონისძიებებში სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული და ამ მიმართულებით მსხვილი ექსპორტიორების მაქსიმალური ხელშეწყობის საკითხიც განიხილება.
„ამერიკაში ქართული სასურსათო პროდუქტი მსხვილი ექსპორტიორების მიერ 30-მდე შტატის მსხვილ მარკეტებშია წარმოდგენილი; ძირითადი პროდუქტებით: ქართული ღვინო, მინერალური წყალი, ნატურალური წვენები, ჩურჩხელა, ჩირი, ვაშლის ჩიფსი, საკონსერვო ნაწარმი და სხვა. როგორც ექსპორტიორებმა აღნიშნეს, ბოლო პერიოდში, ამერიკის ბაზარზე აღნიშნულ ქართულ პროდუქტზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ექსპორტის მაჩვენებელიც გაზრდილია.
ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და გენერალური კონსული დიანა ჟღენტი ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.