დონეცკის ოლქში, ჩასივ იარში, საცხოვრებელ უბანზე რუსული სარაკეტო საარტილერიო თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
მაშველების თქმით, ნანგრევების ქვეშ დარჩენილ სამ პირთან ხმოვანი კონტაქტი დაამყარეს და ამ დროისთვის მათ გამოსაყვანად ღონისძიებები მიმდინარეობს.
„ადგილობრივი დროით, 11:26 საათზე, გადაუდებელი სამაშველო ოპერაციების დროს, კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს (დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია). მთლიანობაში, ოპერაციის დაწყებიდან შემთხვევის ადგილზე 10 ცხედარი იპოვეს, ხოლო ხუთი ადამიანის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინული მედიის ცნობით, ჩასივ იარში რუსული რაკეტებით განადგურებული ხუთსართულიანი შენობების ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, 30-ზე მეტი ადამიანი იყოს.