აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გასწვრივ, ყაზახეთისა და თურქმენეთის მიმართულებით, საკონტეინერო ტვირთის გადაზიდვისთვის ბაქოსა და დასახლება ჰოვსანის პორტებში საბაჟო პროცედურების გავლა დაჩქარდება. კერძოდ, სატრანსპორტო ზედნადების შეცვლის გარეშე მხოლოდ ვაგონების ნომრები შეიცვლება. ამის შესახებ Trend-ს აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს.
ცვლილება Advanced Transit System (CATS) პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რაც აზერბაიჯანმა, საქართველომ და ყაზახეთმა მოამზადეს. CATS-ის პროგრამა ტექნიკურ პირობებს მოიცავს, რაც ევროპის ახალი კომპიუტერული სატრანზიტო სისტემის, NCTS-ის (New Computerised Transit System) საფუძველზე, ალტერნატიული ციფრული სატრანზიტო სისტემისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას გულისხმობს.
ევროკავშირმა NCTS-ის პროექტი 2020 წლის 1-ელი ივნისიდან 2022 წლის 31 მარტამდე პერიოდში განახორციელა, რისი მიზანიც ბლოკის ქვეყნებსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობის პროცედურის გამარტივება იყო. ამაში შედის საერთო სატრანზიტო პროცედურებისა და საქონლით ვაჭრობის დოკუმენტაციის გამარტივება, ასევე, ევროკავშირის ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაში აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის გაწევრიანება.