ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩ ჭოუ ციენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური კავშირები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივ ვაჭრობაზე, აგრეთვე თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით.
აღინიშნა, რომ საგარეო ვაჭრობა ქვეყნებს შორის ბოლო წლებია, ზრდადი დინამიკით ხასიათდება. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთს აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. 2022 წლის 5 თვეში სავაჭრო ბრუნვა 42 პროცენტით, ხოლო ექსპორტი 38 პროცენტით გაიზარდა. შედეგად, სავაჭრო ბრუნვის მიხედვით ჩინეთი იკავებს მე-2 ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 11%-იანი წილით. ხაზი გაესვა ასევე თანამშრომლობას ინვესტიციების სფეროში.
აღინიშნა, რომ ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 750 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, საინვესტიციო პორტფელი კი მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა საბანკო საქმე, ტურიზმი, ენერგეტიკა, უძრავი ქონება, მეტალურგია და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და სატვირთო გადაზიდვების გაზრდის მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად ახორციელებს საკუთარი სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას და მშენებლობას, რათა უფრო ეფექტიანად შეძლოს ევროპასა და აზიას შორის არსებული სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციის შესრულება.
ითქვა, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, როდესაც აზიიდან ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვა ზრდადი დინამიკით ხასიათდება.
ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველოზე გამავალ შუა სატრანსპორტო დერეფანს აქვს დიდი პოტენციალი, რომელიც ხელს შეუწყობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, გაზრდის TRACECA-ს დერეფნის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას ჩინეთიდან საქართველოს გავლით, ევროპისა და უკუმიმართულებით.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ვაჭრობის განვითარებისა და საერტაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თარაშ პაპასკუა.