იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო მიიჩნევს, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის გადადგომა ყველაზე მეტ სარგებელს რუსეთს აძლევს. ამის შესახებ მან რადიოსადგურ RTL-ს ეთერში განაცხადა.
მან იტალიაში შექმნილი კრიზისი, ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის გადადგომას შეადარა.
„ბრიტანეთში აირჩევენ ახალ პრემიერ-მინისტრს და ვადამდელი ხმის მიცემა არ იქნება. აქ, იტალიაში, გვაქვს პრობლემა: თუ დრაგი გადადგება, ჩვენ მოგვიწევს ვადამდელი არჩევნების გზით წასვლა, რაც ქვეყნის სტაბილურობისთვის პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა დი მაიომ.
მისი თქმით, მარიო დრაგის გადადგომას მოსკოვში ზეიმობდნენ. „გული ტირის იმის გამო, რომ მოსკოვში გუშინ სადღეგრძელოებს ამბობდნენ. პუტინი და მედვედევი ზეიმობდნენ, რადგან დრაგის თავი პუტინს ვერცხლის ლანგარზე მიართვეს“, - აღნიშნა დი მაიომ.
მისი ვარაუდით, იტალიაში სახელისუფლებო კრიზისი დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და ამასთან კავშირშია დრაგის ყოფილი პარტია „5 ვარსკვლავის მოძრაობა“, რომელსაც ახლა ჯუზეპე კონტი ხელმძღვანელობს.
"მოხარული ვარ, რომ მოძრაობის ბევრი წევრი არ ეთანხმება ამ ხაზს. მივმართავ იმ პარლამენტარებს, რომლებიც არ ეთანხმებიან: აჩვენეთ, რომ არ ეთანხმებით ამ ხაზს, რადგან საფრთხეშია ჩვენი ქვეყნის მომავალი", - განაცხადა დი მაიომ.
ხუთშაბათს, იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელმა უარი თქვა პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომაზე, რომელმაც ეს იმით ახსნა, რომ „მთავრობის ნდობის პაკეტი ჩავარდა“.
მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება. Reuters-ის ცნობით, ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრაში დრაგის პარტიამ მონაწილეობა არ მიიღო.
დრაგი 20 ივლისს იტალიის პარლამენტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მისი ბედი გადაწყდება.
იტალიაში არჩევნები 2023 წლის დასაწყისისთვის უნდა ჩატარდეს. პარტიები ერთმანეთთან საბრძოლველად ემზადებიან.
„5 ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრების მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი, მედიის ცნობით, ენერგეტიკის ფასების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკავშირდება.