სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიხუნ ბაირამოვი თბილისში დღეს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ზე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვაჰან უნანიანმა გაავრცელა.
„აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან. ეს მინისტრების პირველი შეხვედრაა და იმედი გვაქვს, რომ შედეგი იქნება", - განაცხადა ალიევმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, სამწუხაროდ, რეალური შედეგები ჯერ არ არის", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ალიევმა აღნიშნა, რომ არის პოზიტიური ასპექტებიც და ამის მაგალითად საზღვრის დელიმიტაციაზე სამუშაო ჯგუფების პირველი შეხვედრა დაასახელა.
„ჩვენ ამას პოზიტიურ ნაბიჯად მივიჩნევთ. ეს შეხვედრა რა თქმა უნდა, გაცნობითი ხასიათის იყო. მეორე შეხვედრა მომავალ თვეშია დაგეგმილი. მჯერა, რომ უკვე პრაქტიკული საკითხები განიხილება. ამ ფორმატში თანამშრომლობისგან სწრაფ შედეგებს არ ველოდებით, რადგან დელიმიტაცია ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს პროცესი დაწყებულია, შეგვიძლია მოვლენების წარმატებულ განვითარებად მივიჩნიოთ“, - აღნიშნა ალიევმა.