ილია დარჩიაშვილი: დარწმუნებული ვარ, საქართველოში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება

საქართველოში დღეს განსაკუთრებული დღეა, თბილისი მასპინძლობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაწყებულ მნიშვნელოვან დიალოგს, ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევეცდებით, უზრუნველვყოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

„თბილისი ყოველთვის იყო ადგილი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღებოდა და ეს სწორედ ამის ძალიან მნიშვნელოვანი გაგრძელებაა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შარშან დაწყებული ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, მისი განსაკუთრებული ძალისხმევით დაწყებული პროცესი დიალოგის ხელშეწყობის ჩვენს ორ მეგობარ ქვეყანას შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, რომ დასრულდა კონკრეტული შედეგებით, ეს პროცესი გაგრძელდა. ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო სამეზობლო ინიციატივა, გაჟღერებული საქართველოს უმაღლესი ტრიბუნიდან, სწორედ ამ პროცესის ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა დღევანდელი დღე, როდესაც ჩვენი მეზობლები საქართველოში ჩამობრძანდნენ და დაიწყეს დიალოგი იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც მათ გააჩნიათ ორმხრივ ურთიერთობებში.

ფორმატის გაგრძელებასთან დაკავშირებით დღეს ვერაფერს გეტყვით, მთავარია, დღეს მოხერხდა ჩვენი მეზობელი ქვეყნების, კოლეგების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი დიალოგის დაწყება, როგორც მანამდე, აუცილებლად შეუწყობს ხელს ამ პროცესის გაგრძელებას. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ვიზიტი იქნება კონკრეტული შედეგების მომტანი და განამტკიცებს მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.


ასევე წაიკითხეთ: