თბილისში დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების არარატ მირზოიანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა გაიმართა. სომხური მედის ცნობით, 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ ეს მირზოიანისა და ბაირამოვის პირველი ორმხრივი შეხვედრაა.
მაისში დუშანბეში, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მონაწილეობით გაიმართა.
საქართველოს დედაქალაქში გამართული შეხვედრის კომენტირებისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა თავის Twitter-ზე დაწერა: „ძალიან ვამაყობ, რომ თბილისი გახდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის შეხვედრის ადგილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს“.
მანამდე მირზოიან-ბაირამოვის შეხვედრის გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი გამოეხმაურა, რომელიც გასულ კვირას, სომხეთსა და აზერბაიჯანს ორი ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრის მიზნით ეწვია. „ევროკავშირი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას, გამართონ მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე თბილისში“, - დაწერა კლაარმა Twitter-ზე.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების არარატ მირზოიანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი დელეგაციასთან ერთად თბილისს დღეს დილით ეწვია. თბილისში, დელეგაციასთან ერთად იმყოფება სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი.
ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ამასთან, აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ერთი მხრივ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დღის წესრიგი. ასევე, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობიანი განვითარების უზრუნველსაყოფად ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში ქართული მხარე მიესალმა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების სტუმრობას თბილისში და კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.
კოლეგებთან შეხვედრის შემდგომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმძღვანელობით ორმხრივ ფორმატში გამართულ შეხვედრას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოს მეზობელი და მეგობარი ქვეყნების აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში სტუმრობას და იმედს გამოთქვამს, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და რეგიონის სტაბილური განვითარების ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხის გადაჭრა, პოზიტიური დინამიკის შექმნა და რეგიონის პოტენციალის განვითარება.
საქართველო გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც უმასპინძლოს მხარეთა შორის მსგავსი ფორმატის დიალოგს რეგიონის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
- ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა