ესპანეთში სიცხის გამო, რომელიც თითქმის ერთი კვირა გრძელდება, 360 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters კარლოს III-ის ჯანმრთელობის სახელმწიფო ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
ესპანეთში ჰაერის ტემპერატურამ 45,7 გრადუსს მიაღწია. მეზობელ პორტუგალიაში რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურა 40 გრადუსს გაუტოლდა.
პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ 7-დან 13 ივლისამდე, არანორმალური სიცხის გამო 238 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის უმეტესობა ხანდაზმული იყო.
დიდ ბრიტანეთში, მოსალოდნელი სიცხის გამო, 15 ივლისს მოსახლეობისთვის მაქსიმალური - წითელი - განგაშის დონე პირველად გამოცხადდა. სინოპტიკოსების თქმით, 18 და 19 ივლისს რეგიონში, რომელიც ლონდონს, მანჩესტერსა და იორკს მოიცავს, ტემპერატურა 40 გრადუსამდე მოიმატებს, იტყობინება BBC News.