საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყებაში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა NATO-ს მადრიდის სამიტზე პარტნიორებისთვის მიღებულ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ პროცესში თურქეთის როლი გამოყო. განსაკუთრებით აღინიშნა თურქეთის კონტრიბუცია NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში.
მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა მიმოიხილეს და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრაზე აღინიშნა თურქეთის მხარის მრავალწლიანი ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების საკითხებში.
თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ბურაქ ალთინერი დაესწრო.