ყაზახეთი ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას აპირებს. ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა „ყაზახეთი-ევროკავშირის“ დიალოგის პლატფორმის სხდომაზე განაცხადა.
„ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ყაზახეთის პოზიცია ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების შესახებ“, - აღნიშნა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა.
სხდომის გახსნისას სმაილოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მრავალი წლის განმავლობაში ყაზახეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ძირითადი პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო პარტნიორია.
- ამრიგად, ყაზახეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის 6 თვის განმავლობაში $20,1 მილიარდი შეადგინა, რაც 51,2%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, უცხოური ინვესტიციების მთლიანი შემოდინება გაიზარდა 54%-ით და $6,8 მილიარდი შეადგინა. ამასთან სამთო მრეწველობაში კაპიტალის მოზიდვის დონე 35,7%-ით გაიზარდა და $3,5 მილიარდს გაუტოლდა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი ინტერესდება ყაზახეთის სამთომოპოვებითი მრეწველობით. მართლაც, ამ სექტორში თანამშრომლობის პოტენციალი უზარმაზარია. ამასთან დაკავშირებით მოვუწოდებთ ევროკავშირის ქვეყნების გეოლოგიურ სამსახურებს ერთობლივი პარტნიორობისკენ დიგიტალიზაციის, გეოლოგიური მეცნიერების განვითარებისა და სამრეწველო ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით“, - დასძინა მთავრობის მეთაურმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ყაზახეთში, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ლიეტუვის, პოლონეთის, ბელგიის, შვედეთის, სლოვაკეთის, ესტონეთის, ხორვატიის, ნიდერლანდების, ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიის და ფინეთის ელჩები.