საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების გაღრმავება, ერთობლივი პროექტები და საქართველოსა და თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობას თურქმენეთთან. საუბარი შეეხო რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებსა და მათ შემდგომ განვითარებას. ითქვა,რომ აღნიშნული სტრატეგიული პროექტების განხორციელება გაზრდის აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას კასპიისა და შავი ზღვების გავლით, რითიც გაფართოვდება სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და ხელს შეუწყობს რეგიონთაშორისი კავშირების განვითარებას.
„საქართველო დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ახალი გზებისა და რკინიგზის მშენებლობაში, აფართოებს საზღვაო პორტების შესაძლებლობებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით შავი ზღვისკენ დერეფნის გამოყენება თურქმენეთისთვის ხელსაყრელი იქნება. საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიულ პარტნიორობას და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოითქვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა.
მთავრობის მეთაური წერს, რომ თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად ახალი შესაძლებლობები განიხილეს.
„ნაყოფიერი საუბარი მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან. განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენი დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტს ისეთი პროექტების მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობის პოტენციალის ათვისებას გულისხმობს ურთიერთსასარგებლო მიზნების მისაღწევად”,- წერს პრემიერ-მინისტრი,