სალომე ზურაბიშვილი: რუსეთს ვუფრთხილდებით ისე, როგორც არასოდეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდს ევროპელი პარტნიორების მისამართით რიტორიკას უწუნებს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებისთვის არის გაუგებარი, საითკენ მიდის საქართველო. ამ თემაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

ჟურნალისტის სიტყვებს, რომ მმართველი გუნდის რიტორიკა ევროპარლამენტის რეზოლუციისა და ევროკომისიის დასკვნის შემდეგ გამწვავდა, რომელშიც გაჩნდა ჩანაწერი დეოლიგარქიზაცია და მოხდა ამ ჩანაწერის პერსონიფიცირება ბიძინა ივანიშვილის კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მმართველი გუნდის ბრალია, რომ არ იმუშავეს იქ, სადაც იცოდნენ, რომ ოპოზიცია ჩადიოდა და ამ თემით აპელირებდა, არ ჩაუტანიათ ფაქტები, თუ რატომ არ იყო ოპოზიცია სწორი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ფაქტები უნდა ჰქონდეთ უმრავლესობას და ადვოკატს, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა ჩასულიყო კონტრარგუმენტებით და არა წერდეს შვეიცარიულ გაზეთებში.

„როცა ხელისუფლება ლანძღავს ელჩებს; როცა ლანძღავს ევროპარლამენტარებს; როცა რაღაც გამოსვლებით ვართ დაკავებული, გაუგებარია, საით მივდივართ. მე მგონი, საზოგადოებისთვის არის გაუგებარი, საითკენ მივივართ. რუსეთს ვუფრთხილდებით ისე, როგორც არასოდეს. „ვაიმე, რამე არ ვთქვათ და ვაიმე, რამე არ ვაწყენონოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ყველა ხედავს, რომ ანტიდასავლური რიტორიკა მიმდინარეობს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე, რომ დღესაც, როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში და არის ვნებათაღელვა, ეს საქართველოს არ ეხება?!“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა ამავე ინტერვიუში.