უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კვირას განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთ რეგიონ ხერსონს, რომელიც თებერვლის დასაწყისში რუსეთის ჯარების კონტროლს ქვეშ მოექცა, კიევის ძალები სექტემბრისთვის დაიბრუნებენ.
მისი თქმით, გარდამტეხი მომენტია ბრძოლის ველზე და ჩანს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვს უპირატესობა ბოლო ბრძოლებში.
„შეიძლება ვთქვათ, რომ ხერსონის ოლქი აუცილებლად გათავისუფლდება სექტემბრისთვის და ოკუპანტების ყველა გეგმა ჩაიშლება“, - განაცხადა უკრაინულ ტელევიზიასთან ინტერვიუში ხერსონის ოლქის ხელმძღვანელის თანაშემწემ სერგი ხლანმა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები ღიად მიიწევენ წინ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გადავდივართ თავდაცვითი მოქმედებებიდან კონტრშეტევაზე", - დაამატა ხლანმა.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა 7 ივლისს მოუწოდა უკრაინის დროებით ოკუპირებული სამხრეთ რეგიონების მოსახლეობას, განსაკუთრებით, ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონებში, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ევაკუაცია ყველა შესაძლო გზით, რათა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ ტერიტორიების გათავისუფლება შეძლონ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნის გარეშე.