უკრაინის პრეზიდენტი ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ ჟომართ თოყაევს ესაუბრა. ზელენსკი თოყაევს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„ყაზახეთის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე ე.წ. დონეცკისა და ლუგანსის სახალხო რესპუბლიკების არაღიარებისათვის. განვიხილეთ ეკონომიკის, ენერგეტიკისა და დიჯიტალიზაციის მიმართულებით პროექტები. გავცვალეთ მილოცვები დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავთან დაკავშირებით“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე.
თავის მხრივ, თოყაევის პრესსამსახური იუწყება, რომ სატელეფონო საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა. ყაზახეთის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის შედეგები.
მან ასევე დაადასტურა ყაზახეთის პოზიცია უკრაინაში სიტუაციის დიპლომატიური გადაწყვეტის შესახებ და მიესალმა გაეროს მხარდაჭერით მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვას გულისხმობს.
ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, თოყაევი პუტინს ბოლოს 12 ივლისს ესაუბრა. ამასთან, იუწყებიან, რომ მარტიდან ყაზახეთმა კიევის მიმართვის საფუძველზე, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების ორი თვითმფრინავი გაგზავნა. ტვირთი მოიცავდა სამედიცინო მასალებსა და საკვებ პროდუქტებს.
ცნობისთვის, თოყაევმა 17 ივნისს, პუტინის თანდასწრებით განაცხადა: „არც ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს ვცნობთ და არც „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის „დამოუკიდებლობას“.