საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვს შეხვდა. პრემიერების პირისპირ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ყაზახეთსა და საქართველოს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ეს ჩემი მეორე ვიზიტია თქვენს ქვეყანაში და მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი თბილი მიღებისთვის. ჩემი მთავარი გზავნილი ის არის, რომ მინდა დავადასტურო პარტნიორობისა და თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის ჩვენი მზაობა, რომელიც, უნდა ითქვას, რომ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ბოლო წლების განმავლობაში. ისტორიულად ძალიან ძლიერი ურთიერთობები და მეგობრობა გვაკავშირებს. წელს აღინიშნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილე და სწორედ ამიტომ, ჩემი მთავარი გზავნილი გახლავთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების, მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი. ამიტომ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყაზახეთი მზადაა გააძლიეროს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა.
„მოგესალმებით ყაზახეთში. ჩვენს ქვეყანაში ეს თქვენი მეორე ვიზიტია და მინდა მოგილოცოთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაარსებიდან 30 წლის იუბილე. ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება თანამშრომლობის და პარტნიორობის, ნაყოფიერი პარტნიორობის პრინციპებს. ჩვენი მთავრობა მზადაა, გააძლიეროს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და მინდა ვისურვო ამ პარტნიორობის წარმატებით გაგრძელება“, - განაცხადა ალიხან სმაილოვმა.