ბრიტანეთის „ლეიბორისტული“ პარტიის დეპუტატი კრის ბრაიტენი მიიჩნევს, რომ „აზოვის“ სამხედროების მკვლელობაზე რუსეთის საელჩოს განცხადების შემდეგ, ბრიტანეთმა რუსი დიპლომატები ქვეყნიდან უნდა გააძევოს.
„ეს განცხადება უკანონოა და არის სამხედრო დანაშაულისკენ მოწოდება. დროა, ბრიტანეთმა რუსეთის საელჩოს ყველა თანამშრომელი მოსკოვში დააბრუნოს. ლიზ ტრას, რის გაკეთებას აპირებთ?“- დაწერა ბრიტანეთის „ლეიბორისტული“ პარტიის დეპუტატმა Twitter-ზე.
მანამდე, ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს ოფიციალურ Twitter-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ „აზოვის“ მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებდნენ.
„აზოვის მებრძოლები სიკვდილით დასჯას იმსახურებენ, არა ათეულის ცეცხლით სიკვდილს, არამედ ჩამოხრჩობით, რადგან ისინი ნამდვილი ჯარისკაცები არ არიან. ისინი დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ,“ – დაწერა რუსეთის საელჩომ.
29 ივლისს რუსული მედია წერდა, რომ ელენოვკაში, სადაც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, უკრაინის ჯარმა კოლონა დაცხრილა და სულ ცოტა 53 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის გენშტაბმა ეს ბრალდება უარყო. თავის მხრივ უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთმა ამ აქტით ტყვეების წამებისა და გარდაცვალების ფაქტები დამალეს.
უკრაინის დაზვერვა თვლის, რომ დონეცკის ოლქში, ელენოვკაში უკრაინელი პატიმრების მკვლელობა „ვაგნერის“ დაქირავებულებმა ევგენი პრიგოჟინის პირადი ბრძანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან კოორდინაციის გარეშე მოაწყვეს.
უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ „ჩაჭრეს“ სატელეფონო საუბრები, რომლებშიც დამპყრობლები ადასტურებენ, რომ სწორედ რუსი ჯარები იყვნენ პასუხისმგებელი ოკუპირებული ელენოვკას კოლონიაში მომხდარ აფეთქებაზე, სადაც სულ მცირე 53 უკრაინელი პატიმარი დაიღუპა.