ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსთან არაიკ ჰარუთიუნიანთან შეხვედრა გამართა. ამის ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა არაიკ ჰარუთიუნიანის საქართველოში სამუშაო ვიზიტს და მაღალი შეფასება მისცა საქართველო – სომხეთის პოლიტიკური დიალოგის დონეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც არის სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების კარგი საფუძველი. არაიკ ჰარუთიუნიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გულთბილი მოკითხვა გადასცა.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სომხეთი დაინტერესებულია საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებითა და ორმხრივი დღის წესრიგის წინსვლით.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას.