რუსეთში ყოველი მესამე დარწმუნებულია, რომ მზე დედამიწის გარშემო ბრუნავს - გამოკითხვა

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელის ცენტრის გამოკითხვის შედეგმა აჩვენა, რომ რუსების მესამედს მზის სისტემის მოწყობის შესახებ, მცდარი ცოდნა აქვს. 

გამოკითხულთა 35% დარწმუნებულია, რომ მზე დედამიწის გარშემო მოძრაობს და არა პირიქით, როგორც ეს სინამდვილეშია. საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის განმარტებით, ბოლო 15 წელიწადში ეს მაჩვენებელი 7%-ითაა გაზრდილი.

ამასთან, 2007 წლის გამოკითხვასთან შედარებით, ორჯერაა შემცირებული და ამჟამად 7%-ს შეადგენს რაოდენობა რუსეთის იმ მოქალაქეებისა, რომლებიც ფიქრობენ, რომ რადიოაქტიური რძე ადუღების შემდეგ უსაფრთხო ხდება.

ამავე კვლევით, იმის, რომ პირველყოფილ ადამიანს შეეძლო დინოზავრებთან ერთად სეირნობა, სჯერა ყოველ მეხუთე გამოკითხულს - 21%-ს. 2007 წელს ეს მაჩვენებელი 30% შეადგენდა, ხოლი 2011 წელს 28%. 

იმ ფაქტს, რომ გმო-ს შემცველმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს კიბო, ახალი კვლევით გამოკითხულთა 44% დაეთანხმა. 2014 წელს ამ შეხედულებას იზიარებდა რუსების ორი მესამედი (67%).