ლვოვის ლიჩაკოვსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინელი დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკის პატიმრობა 19 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
მისივე თანახმად, მოსამართლემ გენერალური პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში, მედვედჩუკის სახლი კიევში გაჩხრიკეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი.
პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით რუსეთს გადასცა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ.
66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც $620 მლნ-ს შეადგენს, უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას აკრიტიკებდა, რომ „ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა“.
12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.