ნარკოტიკების შენახვისა და კონტრაბანდაში ბრალდებულ ბრიტნი გრაინერს რუსეთის სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსკოვის ხიმკის საქალაქო სასამართლომ ასევე დააჯარიმა WNBA-ს ვარსკვლავი ერთი მილიონი რუბლით ($16,600).
გრაინერის დაცვის მხარე განაჩენს გაასაჩივრებს. 31 წლის გრაინერი თებერვალში მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში მას შემდეგ დააკავეს, რაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მის მფლობელობაში კანაფის ზეთი იპოვეს. კალათბურთელი ამტკიცებს, რომ სამედიცინო კანაფი ტკივილის სამკურნალოდ გამოიყენა და რუსეთის კანონის დარღვევის განზრახვა არ ჰქონია.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სერიოზულად არ მიიჩნევს რუსული მხარის პასუხს აშშ-ის წინადადებაზე პატიმრების გაცვლის შესახებ და თვლის, რომ აუცილებელია კეთილსინდისიერი მოლაპარაკება. მას არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმა პასუხში.
მანამდე, მედიაში გავრცელებული ცნობებით, აშშ-მ რუსეთს შესთავაზა იარაღით ვაჭრობის გამო მსჯავრდადებული რუსი ბიზნესმენის, ვიქტორ ბუტის გაცვლა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ ბრიტნი გრაინერსა და ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეით პოლ უელანზე.
უფრო ადრე, CNN-ი იუწყებოდა, რომ გაცვლის გეგმა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაამტკიცა.