სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მხრიდან მის მიმართ კრიტიკას ეხმაურება. მისი შეფასებით, დაუსაბუთებელი თავდასხმები მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ფართო ნდობას.
„არ ვიცი, რა აქვს სანერვიულო (ირაკლი კობახიძეს), მით უმეტეს, თუ ფიქრობს, რომ სახალხო დამცველს დაბალი რეიტინგი აქვს. არ ვიცი, ასეთი ორგანიზებული კამპანია, რას შეიძლება მივაწერო“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.
„8 აგვისტო მოდის და ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, რომ შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოდნენ; სადაც 300 000-ზე მეტი დევნილია, ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად; როდესაც დღეს რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, რომელიც თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს - უკრაინას“, - განუცხადა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს.
„რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას - 7 დეკემბერს გასდის ვადა და საბოლოოდ, შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც რეალურად არაფორმალურად დღესაც აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 5 აგვისტოს განაცხადა, როდესაც სახალხო დამცველზე საუბრობდა.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის კიდევ ერთ განცხადებას, რომ „ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი და რითაც ის მოუწოდებს ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას“, სახალხო დამცველი ამბობს, რომ „ქსენოფობია მიუღებელია, მით უმეტეს, აგრესია, თუ ფიზიკური დაპირისპირება, ასეთ თითოეულ შემთხვევას სახალხო დამცველი ყოველთვის ეხმიანებოდა და დაგმობს. მისივე თქმით, თუ სახალხო დამცველმა დაინახა, რომ ქვეყანაში არსებობს რაიმე უკანონო ფორმებში გადაზრდის საშიშროება, ის რეაგირებას მოახდენს.
„თუ დავინახავთ, რომ ასეთი პრობლემა არსებობს. თუ ირაკლი კობახიძეს აქვს კონკრეტული ფაქტები, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მომართოს სახალხო დამცველს და ჩვენ შეგვიძლია, ეს საქმე შევისწავლოთ. ამ წუთას ნამდვილად არ მაქვს ასეთი მტკიცებულებები და ვერ დავადასტურებ. ჩვენ არასოდეს არ მოგვრიდებია არც ერთ არაპოპულარულ თემაზე მსგავსი განცხადებების გაკეთება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ.