სახალხო დამცველი ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს ფაქტს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შესაძლოა, იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ან მომავალში, როდესაც მათი სახელმწიფო, ან მათი ხელისუფლება დაუძახებს, იბრძოლონ ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ქსენოფობიაზე მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებზე ჰკითხეს. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ქსენოფობიის დამადასტურებელი ფაქტები არ აქვს და თუ მას ირაკლი კობახიძე მიაწვდის, მზად არის, საკითხი შეისწავლოს.
„8 აგვისტო მოდის და ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, რომ იქ, სადაც 300 ათასზე მეტი დევნილი არის და ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად ბოლო ათწლეულების განმავლობაში და როდესაც დღეს რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა, რომელიც თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს - უკრაინას, შესაძლებელია, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შესაძლოა, იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ან მომავალში, როდესაც მათი სახელმწიფო, ან მათი ხელისუფლება დაუძახებს, იბრძოლონ ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ამიტომ, ძალიან ბუნებრივია, რომ შეიძლება, სიყვარული არ გამოხატონ მოქალაქეებმა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი ამბობს, რომ „ქსენოფობია მიუღებელია, მით უმეტეს, აგრესია, თუ ფიზიკური დაპირისპირება, ასეთ თითოეულ შემთხვევას სახალხო დამცველი ყოველთვის ეხმიანებოდა და დაგმობს.
„ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, სახალხო დამცველს მომართოს, თუ კობახიძეს კონკრეტული ფაქტები აქვს, ჩვენ შეგვიძლია, ეს საქმე შევისწავლოთ. ამ წუთას ნამდვილად არ მაქვს ასეთი მტკიცებულებები, ვერ დავადასტურებ. ჩვენ არაპოპულარულ თემებზე განცხადებების გაკეთება არასოდეს მოგვრიდებია, თუმცა ნამდვილად არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ქსენოფობია არის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიის გაღვივების მიზანი ქვეყნის ომში ჩარვთაა.