მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებული ჯგუფის მუშაობაში ჩართვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მიეცეს, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
სიმონიშვილის განცხადებით, აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის საშუალება უნდა ჰქონდეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ვისაც ამის სურვილი აქვს.
„ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილიყო. ეს ხელს უშლის სრულ ინკლუზიურობას, რასაც გვთხოვს ევროკავშირი. მაქსიმალურად ჩართულობითი უნდა იყოს ეს პროცესი, ევროკავშირმა ეს პირდაპირ დაგვიწერა,“ - განაცხადა სიმონიშვილმა.
ამასთან, ნიკოლოზ სიმონიშვილის თქმით, სასამართლო სისტემას ფუნდამენტური ცვლილებები სჭირდება - „ევროკავშირმა უარი კანდიდატის სტატუსზე იმიტომ კი არ გვითხრა, რომ ჩვენი სასამართლო გადატვირთულია, არამედ იმის გამო გვითხრა, რომ სასამართლო სისტემაში არაფორმალური გავლენები გვაქვს და ეს უნდა აღმოიფხვრას“.
ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად ხუთი სამუშაო ჯგუფი შექმნა.
ამასთან, კომიტეტის ფარგლებში შემდეგი ჯგუფები ჩამიყალიბდა: „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების.